ფუნქციური ზონა: რას ნიშნავს და რა პრობლემები შეიძლება შეექმნას მიწის მესაკუთრეს?

ფუნქციური ზონა: რას ნიშნავს და რა პრობლემები შეიძლება შეექმნას მიწის მესაკუთრეს?

ფუნქციური ზონა: რას ნიშნავს და რა პრობლემები შეიძლება შეექმნას მიწის მესაკუთრეს?

მიწის ნაკვეთის შეძენის, დაპროექტების ან მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესში ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც უნდა შემოწმდეს, მისი ფუნქციური ზონაა. სწორედ ფუნქციური ზონა განსაზღვრავს, შესაძლებელია თუ არა ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენება, რა დანიშნულების შენობა შეიძლება განთავსდეს მასზე და რა მასშტაბის განვითარებაა დასაშვები.

ფუნქციური ზონა მხოლოდ რუკაზე დატანილი ფერი ან ტექნიკური აღნიშვნა არ არის. მას შეიძლება პირდაპირი გავლენა ჰქონდეს მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებაზე, სამშენებლო პოტენციალსა და მესაკუთრის მიერ საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობაზე.

როგორ ხორციელდება ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა?

მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქთმშენებლობით გეგმებს მიეკუთვნება:

  • გენერალური გეგმა;
  • განაშენიანების გეგმა;
  • განაშენიანების დეტალური გეგმა.

ეს გეგმები ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია და ტექსტური და გრაფიკული ნაწილებისგან შედგება. ქვემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმა იერარქიულად ზემდგომ გეგმასთან შესაბამისობაში უნდა იყოს.

თბილისის პრაქტიკაში კვლავ ფართოდ გამოიყენება ტერმინები — მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და განაშენიანების რეგულირების გეგმა. გენერალური გეგმა განსაზღვრავს ქალაქის განვითარების ძირითად მიმართულებებს, ტერიტორიის გამოყენების პრინციპებს, ფუნქციურ ზონებს, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ძირითად სისტემებს, არასამშენებლო ტერიტორიებსა და სხვა ქალაქთმშენებლობით საკითხებს.

განაშენიანების გეგმა და განაშენიანების დეტალური გეგმა უფრო კონკრეტულ პირობებს ადგენს. მათი მეშვეობით შეიძლება განისაზღვროს ფუნქციური ქვეზონები, შენობა-ნაგებობების ნებადართული გამოყენება, განაშენიანების კოეფიციენტები, სიმაღლე, სართულიანობა, მიწის ნაკვეთის მინიმალური ზომები, წითელი და ლურჯი ხაზები, ავტოსადგომები, საინჟინრო ქსელები და სხვა პარამეტრები.

რა არის ფუნქციური ზონა?

კანონის მიხედვით, ფუნქციური ზონა არის რეგულირებული არეალი, რომელსაც აქვს საერთო მახასიათებლები, დანიშნულება და გამოყენების პირობები და რომელიც კონკრეტულ შეზღუდვებს ექვემდებარება. ფუნქციური ზონა შეიძლება დაიყოს სხვადასხვა დანიშნულების ქვეზონებად — უფრო კონკრეტული მახასიათებლების მქონე ზონებად.

ფუნქციური ზონირებით ერთმანეთისგან გამოიყოფა:

  • სამშენებლო ტერიტორიები;
  • არასამშენებლო ტერიტორიები;
  • ტერიტორიების გამოყენებისა და განვითარების პირობები.

ამასთან, ფუნქციური ზონირებით განისაზღვრება, რა ფუნქციის შენობა-ნაგებობის მშენებლობაა შესაძლებელი კონკრეტულ ტერიტორიაზე და რა შეზღუდვები უნდა იქნეს გათვალისწინებული მისი განვითარებისას. მოქმედი ფუნქციური ზონის შეცვლა შესაბამის ქალაქთმშენებლობით გეგმაში ცვლილების შეტანას საჭიროებს.

ზოგადი და კონკრეტული ფუნქციური ზონები

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები ერთმანეთისგან განასხვავებს ზოგად და კონკრეტულ ფუნქციურ ზონებს.

ზოგადი ფუნქციური ზონები ქალაქის ტერიტორიის გამოყენების ძირითად მიმართულებას განსაზღვრავს. თბილისის ტერიტორიაზე ასეთ ზონებს მიეკუთვნება, მათ შორის:

  • ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა;
  • სასოფლო-სამეურნეო ზონა;
  • სარეკრეაციო ზონა;
  • სპეციალური ზონა;
  • სატრანსპორტო ზონა;
  • საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა;
  • სამრეწველო ზონა;
  • სანიტარიული ზონა;
  • სატყეო ზონა.

კონკრეტული ფუნქციური ზონები ანუ ქვეზონები უფრო დეტალურად ადგენს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების პირობებს. ასეთებია, მაგალითად, საცხოვრებელი ზონა 1, საცხოვრებელი ზონა 2, საცხოვრებელი ზონა 6, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1, სარეკრეაციო ზონა 1 და სარეკრეაციო ზონა 2.

ქვეზონების განსხვავებით განისაზღვრება როგორც შენობა-ნაგებობის დასაშვები ფუნქცია, ისე სამშენებლო განვითარების ინტენსივობა. მაგალითად, საცხოვრებელი ზონა 1 დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ქვეზონაა, ხოლო საცხოვრებელი ზონა 6 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განთავსებაზე ორიენტირებული, შედარებით მაღალი ინტენსივობის ქვეზონაა.

რას განსაზღვრავს K-1, K-2 და K-3?

K1 , K2 და K3 კოეფიციენტები

ფუნქციური ზონის რეგლამენტი ხშირად ადგენს მიწის ნაკვეთის განვითარების სამ ძირითად კოეფიციენტს:

K-1 — განაშენიანების კოეფიციენტი
განსაზღვრავს, მიწის ნაკვეთის მაქსიმუმ რა ნაწილზე შეიძლება განთავსდეს შენობა-ნაგებობა.

K-2 — განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი
განსაზღვრავს შენობის მიწისპირა და მიწისზედა სართულების იატაკების დასაშვები ჯამური ფართობის შეფარდებას მიწის ნაკვეთის ფართობთან.

K-3 — გამწვანების კოეფიციენტი
განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის რა მინიმალური ნაწილი უნდა დარჩეს გამწვანებისა და წყალგამტარი ზედაპირისთვის.

თუმცა, კონკრეტული ნაკვეთის სამშენებლო პოტენციალი მხოლოდ ამ სამი კოეფიციენტით არ განისაზღვრება. გასათვალისწინებელია ნაკვეთის ფართობი, სიგანე, სიღრმე, მისასვლელი გზა, შენობის სიმაღლე და განთავსება, მიჯნის ზონები, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოსდაცვითი შეზღუდვები, საინჟინრო ქსელები და სხვა გარემოებები.

ფუნქციურ ზონასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული პრობლემები

პრობლემა №1 — მიწის ნაკვეთი განაშენიანების კონტურის მიღმა მდებარეობს

მიწის ნაკვეთი განაშენიანების კონტურის მიღმა მდებარეობს

დედაქალაქის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით ერთმანეთისგან გამოიყოფა განაშენიანებული და გაუნაშენიანებელი ტერიტორიები. განაშენიანების კონტურის მიღმა მდებარე ტერიტორიები, როგორც წესი, საქალაქო სამშენებლო განვითარებისათვის უფრო მკაცრ შეზღუდვებს ექვემდებარება და მათზე ხშირად ვრცელდება ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, სასოფლო-სამეურნეო, სატყეო ან სხვა მსგავსი რეჟიმი.

თუმცა, მხოლოდ ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი განაშენიანების კონტურის მიღმა მდებარეობს, ყოველთვის არ იძლევა საბოლოო პასუხს მშენებლობის შესაძლებლობის შესახებ.

პრაქტიკაში უნდა შემოწმდეს:

  • ნაკვეთის კონკრეტული ფუნქციური ზონა;
  • არის თუ არა ტერიტორია სამშენებლო ან არასამშენებლო;
  • მიმდებარედ არსებული ფაქტობრივი განაშენიანება;
  • გზასა და საინჟინრო ინფრასტრუქტურასთან კავშირი;
  • გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სხვა სპეციალური შეზღუდვები;
  • მოქმედი ან დასამტკიცებელი ქალაქთმშენებლობითი გეგმები.

შესაბამისად, განაშენიანების კონტურის მიღმა მდებარე ნაკვეთის სამშენებლო შესაძლებლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

პრობლემა №2 — მიწის ნაკვეთი მხოლოდ ზოგად ფუნქციურ ზონაშია მოქცეული

მიწის ნაკვეთი მოქცეულია მხოლოდ ზოგად ფუნქციურ ზონაში

შესაძლებელია მიწის ნაკვეთს განსაზღვრული ჰქონდეს მხოლოდ ზოგადი საცხოვრებელი, საზოგადოებრივ-საქმიანი ან სხვა ზოგადი ფუნქციური ზონა, მაგრამ არ ჰქონდეს კონკრეტული ქვეზონა.

ეს პრობლემას ქმნის, რადგან მიწის ნაკვეთის ზუსტი სამშენებლო პარამეტრები, როგორც წესი, კონკრეტული ფუნქციური ზონის რეგლამენტით განისაზღვრება. ზოგადი ფუნქციური ზონა შეიძლება მიუთითებდეს ტერიტორიის განვითარების ძირითად მიმართულებაზე, თუმცა არ იყოს საკმარისი კონკრეტული პროექტის დასამუშავებლად.

გადაჭრის შესაძლო გზებია:

  • განაშენიანების გეგმის ან განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადება;
  • მოქმედ ქალაქთმშენებლობით გეგმაში ცვლილების შეტანა;
  • კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის დამტკიცება;
  • კანონით დაშვებულ შემთხვევებში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების განსაზღვრა, მიმდებარე ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი კვლევის საფუძველზე.

თბილისის წესები ჩამოყალიბებული განაშენიანების პირობებში გარკვეულ შემთხვევებში მიწის ნაკვეთის გამოყენებას სრულყოფილი განაშენიანების გეგმის მომზადებამდეც უშვებს, თუმცა ასეთი შესაძლებლობა ავტომატური არ არის და პროექტმა არსებითად არ უნდა შეცვალოს ჩამოყალიბებული განაშენიანების ხასიათი.

პრობლემა №3 — მიწის ნაკვეთი რამდენიმე ფუნქციურ ზონაში ხვდება

მიწის ნაკვეთი ერთდროულად რამოდენიმე ფუნქციურ ზონაში ხვდება

ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთი საკადასტრო ერთეული ნაწილობრივ, მაგალითად, საცხოვრებელ ზონაში, ხოლო ნაწილობრივ სარეკრეაციო ან სატრანსპორტო ზონაში ექცევა.

ზოგადი წესის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის განვითარებით არცერთი ზონის მოთხოვნა არ უნდა დაირღვეს.

ამ წესიდან არსებობს მნიშვნელოვანი გამონაკლისი: თუ ერთ-ერთი კონკრეტული ფუნქციური ზონა მიწის ნაკვეთის ფართობის არანაკლებ ¾-ს მოიცავს, შესაძლებელია სწორედ ამ ზონის მოთხოვნების გამოყენება. თბილისის მოქმედი რეგულაცია ამ შემთხვევაში დამატებით მიუთითებს სარეკრეაციო ზონა 1-ის რეგლამენტების დაცვაზე.

მაგალითად, თუ საცხოვრებელი ზონა ნაკვეთის 80%-ს მოიცავს, ხოლო სხვა ზონა — 20%-ს, შესაძლებელია ძირითადი ზონის რეგლამენტების გავრცელება. თუმცა წინასწარ უნდა შეფასდეს, წარმოადგენს თუ არა მეორე ზონა არასამშენებლო ტერიტორიას, საზოგადოებრივ სივრცეს, სატრანსპორტო ზონას ან სხვა სპეციალური დანიშნულების არეალს.

შესაბამისად, ¾-ის წესი არ უნდა იქნეს აღქმული როგორც ნებისმიერი შეზღუდვის ავტომატურად გაუქმების საფუძველი.

პრობლემა №4 — მიწის ნაკვეთი ვერ აკმაყოფილებს ზონის სამშენებლო პარამეტრებს

მიწის ნაკვეთი ვერ აკმაყოფილებს ზონისთვის დადგენილ პარამეტრებს

მიწის ნაკვეთი შეიძლება სამშენებლო ფუნქციურ ზონაში მდებარეობდეს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებდეს მისთვის დადგენილ ერთ ან რამდენიმე მოთხოვნას, მაგალითად:

  • მინიმალურ ფართობს;
  • მინიმალურ სიგანეს ან სიღრმეს;
  • K-1, K-2 ან K-3 კოეფიციენტს;
  • შენობის სიმაღლის ან სართულიანობის მოთხოვნას;
  • მიჯნის ზონებსა და შენობის განთავსების წესებს;
  • ავტოსადგომების რაოდენობას;
  • მისასვლელის ან საინჟინრო ინფრასტრუქტურის პირობებს.

ასეთი შეუსაბამობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ნაკვეთის განვითარება საბოლოოდ შეუძლებელია. გარემოებების მიხედვით შეიძლება განიხილებოდეს ნაკვეთების გაერთიანება, საზღვრების კორექტირება, პროექტის შეცვლა, განსხვავებული პარამეტრების განაშენიანების დეტალური გეგმით დადგენა ან კანონით გათვალისწინებული სხვა მექანიზმის გამოყენება.

მოქმედი კანონმდებლობა განაშენიანების გეგმაში ან დეტალურ გეგმაში ცალკეული ნაკვეთისთვის განსხვავებული პარამეტრების დადგენის შესაძლებლობას გარკვეულ შემთხვევებში უშვებს.

თბილისში ასევე მოქმედებს სპეციალური ზონალური შეთანხმების ინსტიტუტი, თუმცა იგი არ წარმოადგენს ყველა სამშენებლო პარამეტრის თავისუფლად შეცვლის საშუალებას. სპეციალური ზონალური შეთანხმება საგამონაკლისო მექანიზმია და გამოიყენება მხოლოდ წესებით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში — მათ შორის, გარკვეული გამოყენების სახეობის დასაშვებად ან K-1-ისა და K-2-ის ზღვრული მაჩვენებლების გადასამეტებლად, როდესაც შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობები არსებობს.

მის მისაღებად აუცილებელია ქალაქთმშენებლობითი კვლევა და დასაბუთება, რომ გამონაკლისი საჭიროა ტერიტორიის რაციონალური და ეფექტიანი გამოყენებისთვის და არ ცვლის მიმდებარე ტერიტორიის საერთო ქალაქგეგმარებით ხასიათს.

პრობლემა №5 — მიწის ნაკვეთი ისეთ ფუნქციურ ზონაშია, სადაც მშენებლობა აკრძალული ან მკაცრად შეზღუდულია

მიწის ნაკვეთი მდებარეობს ისეთ ზონაში სადაც მშენებლობა აკრძალულია

ყველაზე რთული შემთხვევაა, როდესაც კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სატყეო, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, სარეკრეაციო ან სხვა არასამშენებლო ან მკაცრად შეზღუდულ ზონაში ხვდება.

მაგალითად, თბილისის სარეკრეაციო ზონა 2-ში ყოველგვარი მშენებლობა დაუშვებელია, გარდა რეგულაციით პირდაპირ განსაზღვრული გამონაკლისებისა. არასამშენებლო ტერიტორიაზე ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ იმ ფუნქციით განპირობებული მშენებლობა, რომლის დაცვასაც შესაბამისი ზონა ემსახურება.

ასეთ დროს თავდაპირველად უნდა გაირკვეს:

  • როდის და რა სამართლებრივი აქტით მიენიჭა ნაკვეთს არსებული ზონა;
  • რა ფაქტობრივი მდგომარეობა არსებობდა ზონირების დროს;
  • იყო თუ არა ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული განაშენიანება;
  • ვრცელდებოდა თუ არა ნაკვეთზე ადრე სამშენებლო ფუნქციური ზონა ან გაცემული ნებართვა;
  • არსებობს თუ არა ფუნქციური ზონის ცვლილების ქალაქთმშენებლობითი საფუძველი;
  • რამდენად დასაბუთებულია შეზღუდვა საჯარო ინტერესით;
  • ხომ არ ეკისრება მესაკუთრეს არაპროპორციული და გადაჭარბებული ტვირთი.

ფუნქციური ზონის ცვლილება ხდება შესაბამის ქალაქთმშენებლობით გეგმაში ცვლილების შეტანით და საჭიროებს ურბანულ, ინფრასტრუქტურულ, გარემოსდაცვით და სამართლებრივ დასაბუთებას.

თუ ადმინისტრაციული ორგანო უარს ამბობს ფუნქციური ზონის ცვლილებაზე ან მშენებლობის შესაძლებლობის განსაზღვრაზე, მესაკუთრეს შეუძლია გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით ან სასამართლოში გაასაჩივროს.

სასამართლო ასეთ დავებში ამოწმებს არა მხოლოდ იმას, ფორმალურად არსებობდა თუ არა შეზღუდვის დაწესების უფლებამოსილება, არამედ გადაწყვეტილების დასაბუთებულობასაც — იყო თუ არა სათანადოდ გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები, შეფასდა თუ არა ნაკლებად შემზღუდველი ალტერნატივები და დაცულია თუ არა სამართლიანი ბალანსი საჯარო ინტერესსა და კერძო საკუთრების უფლებას შორის.

სივრცის დაგეგმარების კანონმდებლობაც პირდაპირ მოითხოვს საჯარო და კერძო ინტერესების შეჯერებასა და დაბალანსებას.

სასამართლოში საქმის წარმატება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთს აუცილებლად მიენიჭება მესაკუთრისთვის სასურველი ფუნქციური ზონა. შედეგი დამოკიდებულია კონკრეტულ ფაქტობრივ მდგომარეობაზე, მოთხოვნის ფორმაზე, სადავო აქტის სახეობასა და წარმოდგენილ ქალაქთმშენებლობით და სამართლებრივ დასაბუთებაზე.

რა უნდა შემოწმდეს მიწის ნაკვეთის შეძენამდე?

მიწის ნაკვეთის მხოლოდ საჯარო რეესტრის ამონაწერის შემოწმება საკმარისი არ არის. შეძენამდე მიზანშეწონილია შეფასდეს:

  • ზოგადი და კონკრეტული ფუნქციური ზონა;
  • განაშენიანების კონტური;
  • ზონის სამშენებლო ან არასამშენებლო სტატუსი;
  • K-1, K-2 და K-3 კოეფიციენტები;
  • ნაკვეთის მინიმალური ფართობი და გაბარიტები;
  • დასაშვები შენობა-ნაგებობის ფუნქცია;
  • კულტურული მემკვიდრეობის, გარემოსდაცვითი და სხვა სპეციალური რეჟიმები;
  • გზასთან და საინჟინრო ქსელებთან კავშირი;
  • მოქმედი ან მომზადების პროცესში მყოფი ქალაქთმშენებლობითი გეგმები;
  • ზონის ცვლილების ან სხვა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენების რეალური შესაძლებლობა.

დასკვნა

ფუნქციური ზონა მიწის ნაკვეთის სამშენებლო პოტენციალის შეფასების მთავარი, მაგრამ არა ერთადერთი კომპონენტია. ერთი და იგივე ფუნქციურ ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთებსაც კი შეიძლება სრულიად განსხვავებული განვითარების შესაძლებლობები ჰქონდეს მათი ფართობის, ფორმის, მდებარეობის, მიმდებარე განაშენიანების, ინფრასტრუქტურისა და დამატებითი სამართლებრივი შეზღუდვების გამო.

ამიტომ ფუნქციური ზონის არსებობა არც მშენებლობის ავტომატური გარანტიაა და არც შეზღუდული ზონა ნიშნავს ყოველთვის, რომ სამართლებრივი გამოსავალი აღარ არსებობს.

მიწის შეძენამდე, პროექტირების დაწყებამდე ან ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენამდე აუცილებელია ნაკვეთის ქალაქთმშენებლობითი და სამართლებრივი მდგომარეობის კომპლექსური შეფასება. ეს მესაკუთრეს თავიდან აარიდებს ისეთი მიწის შეძენას, რომლის განვითარებაც შეუძლებელია, ან დაეხმარება არსებული პრობლემის გადასაჭრელად სწორი სამართლებრივი და საპროექტო მექანიზმის შერჩევაში.

სტატია მომზადებულია 2026 წლის ივლისის მდგომარეობით მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით და წარმოადგენს ზოგად საინფორმაციო მასალას. კონკრეტული მიწის ნაკვეთის შეფასება საჭიროებს მისი საკადასტრო მონაცემების, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის ინდივიდუალურ შესწავლას.

არქიტექტურა,
პროექტირება,
მშენებლობის ნებართვა,
სამშენებლო სამართალი